დამზადებულია იაპონიაში

Deep Purple - Made In Japan

პოსტი არ ეხება იაპონიის კატასტროფას!

საქმე ისაა, რომ ბრიტანული როკ-ჯგუფის, Deep Purle-ს ლეგენდარული ლაივ ალბომი Made In Japan 2010 წელს როგორც იქნა DVD-ზე გამოიცემა. ალბომი 1972 წლის ტურნეს დროს ჩაიწერა და დღემდე ითვლება, რომ ერთ-ერთი უდიდესი ლაივ-ალბომია როკ მუსიკის ისტორიაში.

სად იყვნენ აქამდე? თითქმის 40წლის მანძილზე ამ ჩანაწერის ვიდეო-ვერსია ყველაზე მოთხოვნადი იყო როკის მსმენელებში. პრობლემა ის იყო, რომ ვიდეო უბრალოდ… არ არსებობდა. 😀 2009 წელს კეთილ იაპონელებს სრულიად შემთხვევით ამოექექათ 72 წლის ტელე-ჩანაწერები, სადაც ნახეს 30 წამიანი კლიპი იმ ლეგენდარული კონცერტებიდან.  როგორც ჩანს, საქმე გაუგრძელებიათ და ამ ქექვა-ქექვაში არც მეტი არც ნაკლები სამივე კონცერტის სრული ვიდეო-ჩანაწერები იპოვეს და ასე მოუმზადეს გრანდიოზული სიურპრიზი 40 წლის მანძილზე ამ ვიდეოების მომლოდინე ადამიანებს 🙂

ალბომის ისტორია:

1972 წელს დიფ ფარფლმა გამოუშვა ჰიტ-ალბომი Machine Head, რომელზე მოგვიანებით კრიტიკოსებმა თქვეს, რომ Black Sabbath-ის Paranoid-ისა და Led Zeppelin-ის IV-თან ერთად, ეს იყო ჩანაწერი, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი დასვა, თუ რა უნდა ყოფილიყო მძიმე როკი. ალბომს ცხადია მსოფლიო ტურნე მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა იაპონიაში სამი კონცერტი გამართა. ტურნეს დასრულების შემდეგ იაპონელმა ხმის რეჟისორებმა სამივე კონცერტის ჩანაწერი გამიქსეს და ჯგუფის მენეჯერს გადაუგზავნეს. ბევრს კი არ ითხოვდნენ, მხოლოდ იაპონიაში გამოვცეთ პატარა ტირაჟითო. ჯგუფი ლაივის გამოცემას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ მისი მოსმენისას, ჯანდაბასო, და დათანხმდნენ, დაბეჭდეს პატარა ტირაჟით და დაარქვეს Made In Japan. ხო, ცოტა ეგზემპლიარები ბრიტანეთშიც გამოუშვეს, რა იცი რა ხდებაო.

მოხდა ისე, რომ ალბომი გამოშვებისთანავე საყოველთაო ტაციაობის საგნად იქცა და რამდნიმე დღეში სრულიად გაიყიდა. აი აქ კი დაფიქრდნენ მენეჯერები და Made In Japan ევროპაშიც გამოსცეს. ეხლა უკვე ამერიკელები დაესივნენ და იმდენი ქნეს, რომ ცოტა ხანში ჩანაწერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდებოდა. Deep Purple-ს რა? რა და, სწორედ Machine Head-ისა და Made In Japan-ის არნახული პოპულარობის წყალობით მძიმე როკის პიონერები 1972-1974 წლების ყველაზე დიდ როკ-ჯგუფად იქცნენ მსოფლიოში. ამ ორ წელიწადში Deep Purple ყიდდა იმაზე მეტ ალბომს, ვიდრე Led Zeppelin, Rolling Stones და იქამდე გაბლატავდნენ, რომ The Beates-იც კი გადაწონეს. ამერიკული და ბრიტანული გამოცემები წერდნენ: “Forget Beatlemania. Now it’s time for Purplemania” (“დაივიწყეთ ბიტლომანობა, ეხლა ფარფლომანობის დროა”).

სამწუხაროდ, სხვადასხვა ხუშტურების გამო ჯგუფიდან ჯერ იან გილანი გავარდა, მერე რიჩი ბლექმორი, 1975 წელს კი Deep Purple – მსოფლიოს მწვერვალზე ყოფნისას დაიშალა. (მოგვიანებით 1985 წელს აღდგა და დღემდე ტურნეზე არიან).

ხოდა, აი რამდენს შვრება კარგი დანატოვარი. სამი იაპონური კონცერტი, რომელმაც როკ-მუსიკა შეძრა, 40 წლის შემდეგ იხილავს დღის სინათლეს და მას დღესაც მძიმე როკის თითქმის ყველა მსმენელი ელის.

 

%d bloggers like this: