მე, ტაბულა, ტაბულელები და სხვები

გუშინ, ქსენოფობიის (და სხვა) თემებზე კამათისას კიდევ ერთხელ, სრულიად უადგილოდდა წამოიჭრა ჩემი, როგორც ტაბულას ყოფილი თანამშრომლის საკითხი. ცოტა ხნის მერე ერთ ნაცნობს სკაიპში ვესაუბრებოდი და ორივეს გაგვიჩნდა კითხვა: რა შუაშია ქსენოფობიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე ან ნებისმიერ ზოგადსაკაცობრიო თემაზე კამათი იმასთან, რომ მე ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი? ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია კითხვაზე პასუხის გაცემას. ყველა შემთხვევაში, მოკამათემ მაშინ წამომაძახა ყოფილი სამსახური, როდესაც მას უშუალოდ კამათის თემაზე არგუმენტები ამოეწურა. ბოლო ასეთი სამი შემთხვევიდან, პირველმა მოკამათემ რამდენიმე წუთის შემდეგ ბოდიში მომიხადა. ძალიან გამიხარდა, რადგან ადამიანი, რომელიც მიმართაც გარკვეული პატივისცემა მაქვს, მიხვდა, რომ არაადეკვატური კომენტარი იყო მისი მხრიდან. მეორე შემთხვევა მნათეუსის სტატიას შეეხება სიძულვილის ენისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მნათეუსი, მას შემდეგ რაც ლადო სადღობელაშვილმა ქუჩაში სახალხოდ “პიდარასტი” ეძახა, ხმალამოღებული გაიძახდა, რომ სიძულვილის ენა ბოროტებაა და მისი კრიმინალიზება – აუცილებელი. ხოლო როგორც კი საქმე მისი რედაქტორის გამოხატვის თავისუფლებას შეეხო, უცებ აყვირდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თუნდაც დედა აგინოს მეორეს და მაგინებლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ამის საპირისპიროდ, როგორც კი მან ჩემი პოსტი “მომიფურთხებია ქვეყნის მთავარსარდალო” წაიკითხა, წამში ალაპარაკდა სიძულვილის ენის კრიმინალიზების საჭიროებაზე. ხოლო ორიოდე თვის შემდეგ კი, აქვეყნებს სტატიას, სადაც ისევ და ისევ გამოხატვის სრულ ტავისუფლებაზე ღაღადებს. კამათი მიდიოდა იმაზე, რომ: 1) მნათეუსმა სტატიის დაწერისას არ იცოდა სიძულვილის ენის დეფინიცია და ახდენდა მის არასწორ ინტერპრეტირებას. 2) ხუთი თვის განმავლობაში მან ზუსტად ოთხჯერ ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიცია დააფიქსირა ამ თემაზე. ოთხივე შემთხვევაში საკითხს თავის პირად საჭიროებებზე ორგებდა და ორმაგი კი არა, ოთხმაგი სტანდარტებით თამაშობდა. საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ორ პრობლემას, რის გამოც მე სტატიის ავტორს ვეკამათებოდი, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ოდესღაც ტაბულაში ვმუშაობდი. როცა ადამიანი სტატიას წერს და სიტყვების დეფინიცია არ იცის, ეს უპასუხისმგებლობაა. ხოლო როდესაც ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ რადიკალურად ცვლის პოზიციას თავისი ინტერესების შესაბამისად – ეს უნამუსობაა. რა შუაშია აქ ან მე ან ტაბულა?

Read more of this post

%d bloggers like this: