მიწისქვეშა სიყვარული და მიწისზედა სიძულვილი

პოსტის შესავლისთვის შაბლონი უნდა გამოვიყენო: “გუშინ ბიოლის ფონდში დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით “სიძულვილის ენა: სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის?” გადავწყვიტე ამ თემაზე კიდევ ერთხელ დამეწერა” – შაბლონის დასასრული.

სინამდვილეში სიძულვილის ენის შესახებ გამართული დისკუსია ზვიადისტებისა და მწერალთა კავშირების ინტელიგენტი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც იმაზე დარდობენ ჰომოსექსუალობის “პრომოუშენს” ის არ მოყვეს, რომ გეები უმრავლესობაში გადავიდნენ და ვაიდა მეც არ გავხდე ამ “პრომოუშენის მსხვერპლი”-ო, პოსტის დაწერისკენ არც მიბიძგებდა, რომ არა ის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ასე ხშირად იმეორებდნენ სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეები. ჩვენში დარჩეს და ვეთანხმები თუ არა, მაინც სიგიჟემდე მიხარია, რომ ადამიანები არგუმენტებთ ვკამათობთ და გავცდით საქმეარმაქვსდარავაკეთო-თი განპირობებულ მკითხაობას თემებზე: შუქი მაისში მოვა თუ ივნისამდე დაეზარებათ მე-9 ბლოკის გაკეთება? “პიკნიკის” პეჩენია, წუხელ ბალიშის ქვეშ რომ შევინახე თაგვმა შემიჭამა თუ ძმამ? და საერთოდ, სინამდვილეში ვისი შვილია იგნასიო? – ეგეც ჩვენი პროგრესი, ვინ თქვა არ ვპროგრესირდებითო? ენა გაუხმეს! ჩვენ აგერ უკვე სიძულვილის ენაზე დისკუსიები აქტიურ ფაზაშიც კი შეგვყავს, მაშ!

არგუმენტი და სივრცე

სიძულვილის ენის აკრძალვის მოწინააღმდეგეების მთავარი დამრტყმელი ფრაზა დაახლოებით ასე ფორმულირდება: “სიძულვილის ენის აკრძალვა თავის თავში არ მოიცავს ამ სიძულვილის გაქრობას. მეტიც, ის გადაინაცვლებს მიწისქვეშ (ე.წ ანდერგრაუნდში) და რაკიღა რეაქცია ყოველთვის შობს უკურეაქციას, სიძულვილის მქადაგებელი, მიწისქვეშ ჩაშვებული ფაშისტები გახდებიან გაცილებით დიდი საფრთხის შემცველნი ისედაც მარგინალიზებული ჯგუფებისთვის”. ერთის მხრივ, არგუმენტი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს და ზოგად კონტექსტში შეიძლება დაეთანხმო კიდეც კაცი. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითაც მეტნაკლებად შეიძლება დაეთანხმო. რატომაც არა?

აი სწორედ აქ ჩნდება შეუთავსებლობა: საკითხი რაღათქმაუნდა ზოგადსაკაცობრიოა და აწუხებს ყველას, აქაც და იქაც. მაგრამ რამდენადაც ზოგადია, იმდენად – ლოკალურია, რადგან უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტა ადგილობრივ სივრცეში, აი აქ, საქართველოში, ქვეყანაში სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს აზრს, რომ მიწისძვრა ღვთიური მოვლენაა, ხოლო დინოზავრები – კიდევ არსებობენ. შეიძლება კი, ერთი მოდელი, რომელმაც გაჭრა ამერიკულ საზოგადოებაში და მეორე მოდელი, რომელმაც გაჭრა ევროპულ საზოგადოებაში, პირდაპირ გადმოვიტანოთ და მოვარგოთ იმ საზოგადოებას, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებს ქალიშვილობის ინსტიტუტის დანგრევის შედეგად წარმოქმნილს უწოდებს?

კარგით, შევეშვათ მარტივ მაგალითებს იდიოტური რეალობიდან. (როგორც გიორგი მაისურაძე იტყოდა, სიურრეალისტური რეალობიდან). ისედაც ვიცით, რომ ამერიკა, ევროპა და საქართველო – სამი განსხვავებული კულტურულ-საზოგადოებრივიი სივრცეა. პირველმა ორმა პრობლემა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და რაც მთავარია, ადგილობრივ სივრცეზე მორგებით გადაჭრა. ჩვენ კი ხან ერთის მოდელს ვეპოტინებით, ხან მეორისას. მიდის გაუთავებელი კამათი და უშედეგო კამათადაც დარჩება მანამ, სანამ არ ვიფიქრებთ დისკუსიაში ადგილობრივი გარემოებებისა და მაგალითების ანალიზის შემოტანას. მარტივად რომ ვთქვა, ცხადზე ცხადია, რომ შედეგს ვერ გამოიღებს იმაზე ფიქრი და კამათი, თუ ვინ გინდა შეყვარებულად, ანჯელინა ჯოლი თუ ოდრი ჰეპბერნი (გაცოცხლებული რათქმაუნდა). შანსი ორივე შემთხვევაში ნულის ტოლია (მაქსიმუმ: “ფაქტიურად ნულის”). შექმნილი სიტუაციიდან კი მშვენიერი გამოსავალი იქნება, თუ აქვე, მეზობელ ქუჩაზე, ან მეგობრის დაბადების დღეზე (ან სადაც გნებავთ) გაიცნობთ გოგოს, რომელიც მეტნაკლებად ახლოს იქნება შეყვარებულის თქვენეულ აღქმასთან, ისევე როგორც თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ მისი “კრიტერიუმები”. მოკლედ, ცაში ფრენის მაგივრად, ვიპოვოთ რეალური გამოსავალი ისე, რომ ერთიც კმაყოფილი დარჩეს და მეორეც.

ისტორიული დისკურსი

ძალიან მოკლედ გავიხსენოთ. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არსებობს ორი ყველაზე ცნობილი მიდგომა. 1) ამერიკული, რომელიც გამორიცხავს სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე და კანონი რეაგირებს მხოლოდ მაშინ, როცა სიძულვილის ენა “მყისიერი საფრთხის” მანიშნებელი ხდება. სიძულვილის ენა ბოროტებაა, მაგრამ კეთილშობილი იდეები არა ზემოდან, არამედ იდეათა თავისუფალ ბაზარზე, სჯა-ბაასისას უნდა გაჩნდეს და მისი განხორციელების მცდელობაც ქვემოდან წამოვიდეს. – ვეთანხმები! მაგრამ ერთი პირობით, გავითვალისწინოთ ლოკალური (ამერიკული) კულტურულ-საზოგადოებრივი სივრცე და ისტორიული გამოცდილება. გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ საზოგადოება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული ეთნოსების, რასის, რელიგიური და სხვა ნიშან-თვისებებისა თუ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთა ჯგუფებისგან შეიკრა, ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა ერთმანეთის მიღების გარეშე. ამერიკულმა საზოგადოებამ დისკრიმინაციული სეგრეგაციები თავისით დაძლია, ქვემოდან, რადგან მათ ბუნებრივმა მოცემულობამ უბიძგა ამისკენ. შესაბამისად, იდეათა ამ თავისუფალ ბაზარზე ფაშისტური აზროვნება თანდათან მარგინალიზდა, როგორც გადარჩენისათვის აუცილებელი საჭიროება და ადგილი დაუთმო გახსნილ საზოგადოებას, ერთმანეთის მიმღებლობას. ხოდა, რატომღა შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება?

2) ევროპული მიდგომა. ცხადია, ამერიკისგან განსხვავებული მოცემულობა იყო ევროპაში, შესაბამისად, საკითხიც განსხვავებულად გადაიჭრა. ზედმეტიც კი მგონია იმის შეხსენება, თუ რა შედეგებამდე მიიყვანა ევროპის წიაღში ჩასახულმა სიძულვილის ენამ და ფაშისტურმა რიტორიკამ მთელი მსოფლიო. არცთუ ისე ბევრი, სულ რაღაც 80 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მეორე მსოფლიო ომს ექვსი წლის განმავლობაში. ვიმკითხაოთ იმაზე, რა მოხდებოდა სიძულვილის ენა რომ კრიმინალიზებული ყოფილიყო და ჰიტლერს ფაშისტური რიტორიკის უფლება არ ჰქონოდა? ხომ ფაქტია, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპით დაცული “უწყინარი” რიტორიკა გადაიზარდა იმ დამანგრეველი ძალის ბოროტებაში, რომელმაც ლამის მთელს მსოფლიოს მოუღო ბოლო? ფაქტია! ხოდა ევროპამაც, ლოკალური მოცემულობისა და მიღებული გამოცდილების შედეგად გადაწყვიტა, ერთიდაიგივე შეცდომა მეორედ არ დაეშვა. ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება სჯობს თუ 80 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, საკამათო საკითხად ვგონებ არც კი უნდა მიგვაჩნდეს.

შეჯამება

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთის მხრივ გვაქვს აშშ – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურების შეზავების შედეგად შექმნილი სახელმწიფო, რომლის საზოგადოებაც მივიდა იმ აზრამდე, რომ ერთმანეთის მიღების გარეშე უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრებდნენ. მეორეს მხრივ კი ევროპა, რომელსაც საზარელი გამოცდილება უდევს წინ იმისა, თუ რა ძალის ბოროტებაში შეიძლება გადაიზარდოს სიძულვილის ენა.

აქ?

რა ხდება საქართველოში ამ მხრივ? გვაქვს წინა ორისგან ასევე განსხვავებული საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე, განსხვავებული გამოცდილება და მაინც, დაუსრულებელი კამათი თემაზე: ამერიკული მოდელი გვინდა თუ ევროპული. თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ სტატიასა და ამდენივე კომენტარს, პირადად მე ჯერჯერობით არ წამიკითხავს, არ მინახავს, არ დავსწრებივარ დისკუსიას, სადაც სიძულვილის ენის გადაჭრის გზებზე საუბრისას უპირატესობა ლოკალური მოცემულობის ანალიზს ენიჭებოდეს. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ჩემი პოსტის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილში კი მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ სიძულვილს, რომელიც იდეათა აქაურ თავისუფალ ბაზარზე ჯერჯერობით დომინანტური ძალაა და როგორ შეიძლება, რომ მიწისქვეშ სიყვარულის ნაცვლად სწორედ ეს სიძულვილი ჩავიტანოთ.

Advertisements

2 Responses to მიწისქვეშა სიყვარული და მიწისზედა სიძულვილი

  1. Agasfer says:

    ეს თემა საკამათო რატომაა, არ მესმის. არ მგონია, რომ ანდერგრაუნდში გადავა, უფრო საპირისპირო შედეგს ველოდები. რა ვიცი, ნამეტანი ოპტიმისტი ვარ? ))

  2. რა შედეგს ელოდები?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: