ნანიზირებულნი

40-იანების გარიჟრაჟზე, მინესოტას შტატის პატარა ქალაქ დალუტაში ერთი ცელქი ბიჭი დაიბადა. 60-იან წლებში, უკვე ცელქმა თინეიჯერმა, დასავლურ კულტურულ/მენტალურ რევოლუციას დიდი ბიძგი მისცა. ამ პერიოდის კონტრკულტურამ მოგვცა ის, რასაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს ეძახიან ხოლმე. ანუ, ადგილი, სადაც იციან, რომ მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ტრაკი გაქვს თუ შავი, ქალი ხარ თუ კაცი, ანზორისთან გაქვს სექსი თუ მადლენასთან. ადგილი, სადაც იციან, რომ განურჩევლად “ნიშან-თვისებებისა”, ადამიანი, არის უბრალოდ ადამიანი და ყველა მათგანი თანასწორი უნდა იყოს. ამ ცელქ თინეიჯერს მუსიკა ძალიან უყვარდა. გადაწყვიტა პროტესტი სწორედ სიმღერით გამოეხატა. მღეროდა თავისუფლებაზე, პაციფიზმზე, ომზე… მოკლედ, ბევრ რამეზე, რითაც რასისტული სეგრეგაციითა და ათასგვარი ფობიებით შეპყრობილ მშობლების თაობას სასტიკად უპირისპირდებოდა. აი ასე, დესტრუქციითა და ტრადიციული მორალური ღირებულებების წინააღმდეგ გამოსვლით მან ლამის მთელი მსოფლიო შეცვალა. ამ ბიჭს რობერტ ალენ ზიმერმანი ერქვა. ისე კი, მერე ბობ დილანის სახელით გაგვეცნო.

ერთი ეგეთი ბიჭი ჩვენთანაც დაიბადა. (“ეგეთი” – ლოკალური მასშტაბით). ოღონდ, ეს დალუტასთან შედარებით 20-ჯერ უფრო დიდ ქალაქში. მუსიკა მასაც შეუყვარდა და 90-იანების ქართული პანკ-მოძრაობის ერთ-ერთ მამამთავრადაც ითვლებოდა. პროტესტიც ჰქონდა და სახალხოდ დამკვიდრებული ღირებულებებიც არ მოსწონდა. მას ჩვენ ლადო ბურდულის სახელით ვიცნობთ.

პატარა, სულ პატარა კონტრკულტურული სანახაობა ჩვენ ერთმა პოპ-მომღერალმა გოგონამაც მოგვიწყო. არა, გახსოვთ რა ქნა? ჯერ კიდევ ბნელი 90-იანების დასასრულს, და არცთუ ნათელი 2000-იანების დასაწყისში, ზე-კონსერვატული საზოგადოების წინაშე – გახდილმა იცეკვა ფილარმონიის სცენაზე და მაშინდელი საქართველოს პოპ-სცენის დონეზე უპრეცედენტოდ მაგარი და თამამი შოუ-კონცერტი დადგა. ამ გოგოს კი ლელა წურწუმიას ვეძახით.

ამასობაში ლადოს პროტესტობანას თამაში მობეზრდა და იცით რა გვითხრა სულ ცოტა ხნის წინ? გვითხრა, რომ მუსიკა არ შეიძლება იყოს დესტრუქციული, რომ დესტრუქციის უფლება (ხო, სწორედაც რომ უფლებაო) აქვს მხოლოდ ადამიანს, ვინც უკვე “შედგა”. ანუ, წარმოიდგინეთ “შემდგარი”, მდიდარი, სახელმოხვეჭილი ბობ დილანი ეხლა რომ იწყებდეს პროტესტს. რა მოხდებოდა? ალბათ არც არაფერი. ისიც იქნებოდა ერთი მუსიკოსი, რომელიც თავისთვის მაინც დააჩხაკუნებდა ხოლმე გიტარას.

ლელამ რა ქნა ამასობაში? ლელა დიდი გოგო გაიზარდა, დაღვინდა, გრძელი კაბები ჩაიცვა, ბავშვობაში ნანატრ “კაკუნებზე” დადგა, წარმოსახვითი მანდილი მოისხა და ასე, კისრამდე და კოჭებამდე შემოსილი ბრჭყვიალა კაბებით გვიმღერის “ქალაქურ” დიმპიტაურასა და რომანსებს. რომანსებს, რომელიც ალბათ ცხონებულ ბებიაჩემს თუ მოეწონებოდა, დიმპიტაურათი კი ბიძების თაობას ასე თუ ისე მოაწონა თავი. (ოღონდ ისეთი ბიძების, საკუთარი ეთნიკურობისა და კაცობის იდენტიფიცირებას ხინკლით რომ ახდენენ).

რომანსებიო? ხოდა თუ რომანსებია, კიდევ ერთი გამახსენდა. უფრო დიდ და ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილი, ვარდობისთვის ტრფიალზე, სენტიმენტალურ შემოტევებსა და რა თქმაუნდა, თბილისზე მომღერალი ნანი, ჩვენი ნანი, ბრეგვაძე. ოღონდ ლადოს და ლელასგან განსხვავებით, ნაკლებად პრეტენზიული. მან ყოველთვის იცოდა, რომ უნდა სცმოდა გრაციოზულად, უნდა ჰქონოდა ნეტარი და კეთილი ღიმილი სახეზე და ემღერა იმაზე რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მას არასდროს ჰქონდა პრეტენზია, რომ ახალი სისხლი გადმოესხა, ძველი შეეცვალა და ახალი ღირებულებები დაემკვიდრებინა, აღშფოთებულიყო, აღეშფოთებინა სხვებიც. მოკლედ, ის არასდროს ყოფილა დესტრუქციული. ოღონდ, ერთი ცუდი საქმე კი გამოუვიდა თავისდაუნებურად, ისე რომ, არც უფიქრია ამაზე – ლელას და ლადოს “ნანიზაცია” მოხდა. ნანიდ იქცნენ (რა თქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით).

ისევ უკან დავბრუნდით, ახალი ქართული მუსიკის შექმნისა და მოსმენის იმედები წყალში ჩაგვეყარა. ორმა, თუნდაც მოკრძალებულმა, ანარქისტმა გადაწყვიტა რომ ბუნჩულა ბიძია-დეიდებად ქცეულიყვნენ. გავიყინეთ. არადა, როგორი სიამოვნებით დავესწრებოდით ერთ მაგარ ქართულ როკ-კონცერტს. კონცერტს, რომელზეც მუსიკოსები ახალგაზრდებს ეტყოდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს თეთრი ტრაკი გაქვს თუ შავი, ქალი ხარ თუ კაცი, ანზორისთან გაქვს სექსი თუ მადლენასთან, ჩხოროწყუელი ხარ თუ თბილისელი. ბოლოსდაბოლოს, გვიმღერებდნენ ხინკალზე და გვეტყოდნენ, რომ თუ ხინკალი არ გიყვარს, ეს არ ნიშნავს რომ “სულით არაქართველი” ხარ.

პოპ-კონცერტსაც დავესწრებოდი. მერე რა, თუ მადონა ვერ ჩამოდის აქ. ხომ გვინდა ერთი პოპ-მომღერალი ვინც მაგრადაც მღერის და საოცარ სასცენო სანახაობებსაც დგამს? გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით ქართულ მუსიკაში მასიური ნანიზაციის გარდა ბევრიც არაფერი ხდება. პრინციპში, რაღაცეები ხდება, მაგრამ მუსიკა მაინც ვერ იყენებს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დანიშნულებას – ღირებულებების გადაფასება და შეცვლა ახლით.

ამასობაში? ამასობაში, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს მსოფლიოს კიდევ ჰყავს ერთი ცელქი ბიჭუნა, რომელიც აპროტესტებს ყველაფერს რაც აწუხებს, რომელიც კიდევ ცვლის ღირებულებებს, მღერის ადამიანებზე და უსამართლობაზე. ბიჭუნა, რომელიც ჩინეთისნაირ კონსერვატიულ ქვეყანაში არ შეუშვეს. შეეშინდათ რომ კონტრკულტურის მამა იქაც მოუწყობდა  მინი-რევოლუციას. ბიჭუნა, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ და, თბილისში ჩამოიყვანეს ადრე, მაგრამ არც აქ ამღერეს – აქ ყანწი ჩაახუტეს. ალბათ ჩვენთანაც მინი-რევოლუციის შეეშინდათ. ამ დაუღალავ და არანანიზირებულ, არაბუნჩულა ბიჭუნას, რომელიც თითქმის უკვე 70 წლისაა, ისევ ბობ დილანის სახელით ვიცნობთ. ერთი ეგეთი ბობი არც ჩვენ გვაწყენდა ისე…

გიორგი კიკონიშვილი, ჟურნალი “ლიბერალი”©

Advertisements

8 Responses to ნანიზირებულნი

  1. niksologi says:

    ”ახალგაზრდა” როკ ჯგუფებმა უნდა ირწმუნონ რომ მათ შეუძლიათ. ხოდა წერონ მუსიკა და იმღერონ რაც შეიძლება ბევრი და რაც შეიძლება ხშირად…
    მაგრამ მესმის ეს მატერიალური მხარეც… 😦

  2. აკა says:

    მუსიკოსის ავ-კარგიანობა მისი კონსტრუქციულობა-დესტრუქციულობის პირდაპირპროპორციულია?

    • ვინ ამბობს ამას?

  3. ძალიან მომეწონა ფილმი I’m Not There კი გექნება ნანახი ბობ დილანზე 🙂
    აი ჩვენთან მგზავრები რო გამოჩდნენ მესიამოვნა თავიდან,მაგრამ ყველა სიმღერაში ერთი და იგივე მელოდია უკვე ზედმეტია
    როკ ჯგუფების გააქტირუება და რაღაც ახალი ძალიან გამიხარდება და მჯერა რო რამეს გააკეთებენ 🙂

  4. ნასტასია says:

    რობიას კონცერტზე წადი 🙂

  5. აკა says:

    მე მგონი თქვენ ამბობთ…:)

    • არა, მე ვამბობ იმას, რომ სრული იდიოტობაა თქვა, თურმე ხელოვნება არ შეიძლება იყოს დესტრუქციული. არათუ შეიძლება იყოს, არამედ უნდა ყიოს კიდეც რიგ შემთხვევებში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დესტრუქციული შინაარსის ხელოვნებაა კარგი 🙂

  6. აკა says:

    კეთილი, ალბათ მე ვერ გავიგე წერილის შინაარსი კარგად…:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: